მამას...
გვიანი შემოდგომაც მიილია... სუსხიანი ზამთრის პირველივე დღემ რა მოულოდნელად მოგტეხა... ძალა გამოგილია... შენივე სახლის კიბეებზე ასვლა გაგიძნელდა..... რა დამავიწყებს შენს ტაატით სიარულს შენსავე ეზოში.... თითქოს ფეხს 69 წლის ასაკში იდგამდი... შენს ნაღვლიან გამოხედვას... ყოველთვის რომ ბრწყინავდა შენს თვალებში იმედის სხივი, ეხლა სხვის თვალებში ეძებდი დამაიმედებელ ნაპერწკალს.... ვერ ვუძლებდი ამ მზერას... ხვდებოდი... ძველებური ხალისი თითქოს სადღაც გაგიქრა და ისე აღარ იღიმოდი... უფრო იშვიათად გადიოდი ეზოს გარეთ და უფრო ხშირად ჯდებოდი ბუხართან... დილა-საღამოს მორიგეობით უმატებდით ცოლ-ქმარი ბუხარში შეშას. უფრო იშვიათად "კამათობდით" ... ამ კამათს მარტის თოვლს ვამგვანებდი....
ძალაგამოცლილს მაინც უტეხად გჯეროდა, რომ ერთ დროს ბოლო მოეღებოდა შენს ტკივილს... ტაატით სიარულს... გჯეროდა, რომ ისევ აირბენდი კიბეებს... ისევ გაიღიმებდი ძველებურად - იმედიანად... ისევ გახვიდოდი ეზოს გარეთ... ისევ წახვიდოდი მოკეთეებში...დამთავრდა ყველაფერი...
მაგრამ სულს მიფორიაქებს შენი ბოლო წამების რაღაცნაირი ფორიაქი....
წახვედი სუსხიანი დეკემბრის პირველ დღეს და შენთან ერთად დამთავრდა შენი ეპოქა - რაღაცნაირად ძვირფასი... გულწრფელი... ალალი... მართალი... ღიმილიანი...
ჩემო ოქროსგულა, მამა...
ნანინა
დედულეთს ვუძღვნი....
დედულეთს ვუძღვნი...❤
ბებია-ბაბუას სახლი სოხუმისკენ მიმავალ გზას გადაჰყურებს...
ფერდობს, რომ აივლი, დიდ თეთრ ჭიშკარს როგორც კი შეაღებ და ეზოში შეხვალ, მრავალწლოვანი ბზის ხეივანს გაივლი, რომელიც სახლამდე მიგაცილებს. სახლის წინ მუშმალას პრიალაფოთლებიანი ორი დიდი ხე დგას, რომლის ჩრდილ ქვეშ მუდმივად ნებივრობენ კარ-მიდამოს ერთგული დარაჯი ძაღლები - სწრაფია და ბათურა. იქვე, ხელმარჯვნივ თუ გაუხვევ უგემრიელეს ფეიხოას ბაღში მოხვდები. ეზოს იქით, ალაგეზე, სანამ წყარომდე მიხვალ, ბებია-ბაბუას ხეხილის ბაღი აქვთ გაშენებული. აქ, რა ხილი გინდა, რომ არ იყოს: კომში, ატამი, ალუბალი, ბალი, ქლიავი, მსხლისა და ვაშლის რამოდენიმე სახეობა, კაკალი, წაბლი. ამ ბაღში ბაბუას მიერ დამყნობილი სხვადასხვა ხილის ხეებიც იწონებენ თავს. ხეხილის ბაღის გაყოლებაზე ვენახია გაშენებული. ყოველთვის ასე ხდება - შემოდგომით „ადესა“ დაიწურება და იქვე ჩაყრილ ქვევრებში დაიდებს ბინას „მოკითხვამდე“.
შუაგულ ეზოში ლამის საუკუნოვანი კოპწია, ორსართულიანი სახლი დგას დიდი, ნათელი ფანჯრებითა და დარაბებით, დიდი ოთახებითა და ბუხრებით. ორივე სართულზე შემორტყმული დიდი, ძველებურად მოჩუქურთმებულ რიკულებიანი აივნები სახლს უფრო მედიდურს ხდიან, თითქოს ხაზს უსვამენ თავიანთ ჭარმაგობას.
სახლის უკან ხშირი ტყეა, ასწლოვანი თელები, მუხები, რცხილები, ბებერი წნორები დგას. იქვე მიწის შუაგულიდან წყარო -წყურგილე- ამოდის. რცხილები წყაროს ნაპირზეა გაყოლიებული, იმათი ტოტები კი მეორე ნაპირზე გადის. ზაფხულობით ცხელ დღეებში ამ წყაროს ვეწაფებით დასიცხულები.
საზაფხულო არდადეგების დაწყება და ჩვენი დედულეთს სტუმრობა ერთია! ყველამ ვიცით, რომ ეს რუდუნებით მოვლილი ეზო-კარი ყოველ ზაფხულს ჩვენს სტუმრობას და დარჩენას ელოდება სწავლის დაწყებამდე.
აბა, სიხარული მაშინ უნდა ნახო....
შევაღებთ თუ არა დიდ, თეთრ ჭიშკარს, გვეგებებიან სახლის ერთგული დარაჯები, სწრაფია და ბათურა, რომლებიც კუდის ქიცინით მიგვაცილებენ ხეხილის ბაღისკენ ან ვენახისკენ. ბაბუა, რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, რომ სკოლიდან ახალი დაბრუნებულია, შუაგულ სიცხესაც არ ერიდება და გულმოდგინედ უვლის თავის ნაჯაფარს. სწრაფია, რისი სწრაფიაა, თუ ჩვენს მიახლოებამდე ბაბუას არ გააგებინა ჩვენი სტუმრობა. მერე, ყველა ერთად „ვეძებთ“ კარ-მიდამოს რომელიმე კუთხეში მოფუსფუსე ბებიას, რომელიც უთვალავ, გაბღენძილ ინდაურებს, ოქროსფერბუმბულიან მოსუქებულ ქათამებს, ფართეაპკიან იხვებსა და ბატებს შუაგულში მოუმწყვდევიათ. რა ქნან?- ბებიას სკოლიდან დაბრუნებას ელოდებიან, დაპურება ხომ უნდათ?! აქ, ბათურა ვაჟკაცობს! გაარღვევს საკენკის კენკვით გართული ფრინველებისგან შეკრულ წრეს და ბებიას გამოუძღვება ამაყად. ხვევნა-კოცნაში გართულები ვერც ვამჩნევთ, როგორ მოგვაქციეს ყველა ერთად უკვე დანაყრებულმა ფრინველებმა წრეში და სწრაფია - ბათურასთან ერთად გვედებიან ფეხებში, თითქოს ჩვენს სიხარულსა და მონატრებას იზიარებენ.
მერე?
მერე, აჟრიამულდება მთელი ეზო, სახლი, ხეხილის ბაღი, ვენახი, ბზის ხეივანი, ტყე და ასე იქნება მთელი ზაფხული - სწავლის დაწყებამდე. აუცილებლად ვიცლით ბებია-ბაბუას კუთვნილი მდიდარი ბიბლიოთეკისთვის, სადაც უნიკალური წიგნები გვამოგზაურებენ როგორც მსოფლიოს გარშემო, ასევე წარსულში, დიდ მეცნიერებაში, მედიცინაში, არქეოლოგიაში და ზოგადად, სხვადასხვა ეპოქაში.
ეს მიდამო, ჩემი ბავშვობის ნაწილია, ჩემი დედულეთი!
დედაჩემის...
ჩემი და ჩემი დების...
ჩემი წინაპრების სამშობლო სამშობლოში!!!
....დღეს, არც ბებიაა, აღარც განუყრელი მეგობრები - სწრაფია და ბათურა, არც ფერდობი,არც ნაოფლარი კოპწია ეზო და აღარც საუკუნოვანი სახლი...
მაგრამ.... ბებია-ბაბუას ნასახლარი, წლების განმავლობაში ნაჯაფარისა და საუკუნოვანი სახლის გარეშე სოხუმისკენ მიმავალ გზას ისევ ჯიუტად გადაჰყურებს...
...კინაღამ დამცდა-მენატრები...წამწამი წამწამს დავაჭირე - და მომდგარი ცრემლი ჩავიგუბე.
...სიტყვებს მხოლოდ თვალებიდან გავთქვამ...
და მაინც...ბებია-ბაბუას სახლი სოხუმისკენ მიმავალ გზას უტეხად გადაჰყურებს...
... ეს უნდა მეთქვა!..
ნანინა
მე რომ სოფელში მეცხოვრა...
მინდოდა სოფელში მეცხოვრა, წითელი აგურის სახლში, უსაშველოდ ბევრი წიგნი მქონოდა, მზიანი და სიძველით გაჟღენთილი....
მინდოდა, გრძელი ნაწნავი მქონოდა და უბრალო ყვავილებიანი კაბა მცმოდა, მუხლამდე...
მინდოდა, დილით ალიონზე გამეღვიძა და ყვავილები მომერწყა ჩემს ასფალტაყრილ ეზოში...
მერე, ქუჩის ბოლოს, ერთადერთი მაღაზიისკენ მიმავალს, მეზობლის თეთრბეწვა ძაღლი ამედევნებოდა, როგორც ყოველთვის...
მინდოდა, სახლის კართან, სკამზე გამეტარებინა, კაკლის ფოთლის სუნით სავსე საღამო...
მერე, დავმჯდარიყავი ფანჯარასთან და ბევრი მეწერა, ძალიან ბევრი...
მინდოდა ცისკრის ლოცვაზე მევლო, სოფლის ბოლოს, ძველ ეკლესიაში...
სახლის გზაზე ყველა ნაცნობი მომეკითხა, ისე, თითქოს წლებია არ მენახა...
საღამოობით, სტუმრად წავიდოდი, თმას გავიშლიდი, ახალ კაბას ჩავიცვამდი-ბებოს შეკერილს...
ღამით, დაძინებამდე ბევრს ვიკითხავდი, ძალიან ბევრს...
ლამაზი სიზმრებით სავსე სამყაროში კი ისევ გავეხვეოდი საოცარ თავგადასავლებში, ვნახავდი უშველებელ გემებს, სასახლეებს, სეფექალებს და ლურჯფრაკიან კარისკაცებს...
დილით კი, გავიღვიძებდი და დავიჯერებდი იმ საოცარ სიყვარულს, წიგნებში რომ არსებობს, დავიჯერებდი სასწაულებს, დავიჯერებდი ბედნიერებას...
მერე, ისევ ალიონზე ავდგებოდი, პირს დავიბანდი და თმას დავიწნავდი. ბებოს შეკერილ ახალ კაბას ჩავიცვამდი და ვიფიქრებდი, რომ სადღაც, ოდესღაც, ჩემი ოცნებებიც ახდებოდა...
...მე, რომ სოფელში მეცხოვრა... წითელი აგურის სახლში...
შემოდგომა
ბუნებამხატვარია, უდიდესი მხატვარი. ადამიანი ბედნიერია თუკი შეუძლია იმ მშვენიერი პეიზაჟების აღქმა, რომელიც ზოგჯერ ინდივიდის ცხოვრებასავით ცვალებადია, მაგრამ ყველა ასპექტში მომხიბვლელი.
განსაკუთრებით, გულში ჩამწვდომია ის დღეები, როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს.
შემოდგომის ფოთლები, მოძველებული, გაყვითლებული ფურცლებივით მიმოფანტულა ირგვლივ, ეალერსებიან ძარღვებივით დასკდარ, დაქსაქსულ დედამიწის ზედაპირს და საკუთარ გულისტკივილს გამოთქვამენ. ერთი შეხედვით უწყინარი ფოთლები აღუწერელ განრისხებას გამოხატავენ: დაშრიალებენ, სისინებენ გამაყრუებლად, ნოსტალგიურად ეკვრიან გაშეშებულ ხეებს, ტოტსა და ტოტს შორის გაჩხერილი თრთიან იმის შიშით, რომ ქარის დახმარებით ხეებზე აბობღებულნი, ისევ ძირს არ ჩამოცვივდნენ. ფანჯრის მინებზეც კი ეხეთქებიან და პროტესტს გამოთქვამენ, გამწარებულ ფერხულს უვლიან უკანასკნელი გაბრძოლებისას.
ატოტილი ტოტები ადამიანის მავედრებელი ხელებივით დაკრუნჩხულან და რაღაცას ეღაღადებიან ღმერთს ან ცას... განშორება ეძნელებათ. ალბათ, მათაც აშინებთ სიახლეები, მაგრამ უწევთ შეგუება...
საბრალო ფოთლები, მოვა ზამთარი და თეთრ სახვევს შემოაკრავს არე-მარეს. დამსკდარი დედამიწაც გაუმაძღრად შთანთქავს ფაფუკ მასას და თან ჩაიყოლებს გასაცოდავებულ ფოთლებს, აღარ დარჩება მათი ნაშთი, სახსენებელი, ისე წავლენ და გაჰქრებიან, თითქოს არც კი არსებულან...
მართლაც, რა საოცარია ის დღეები, როცა შემოდგომა უკანასკნელად სუნთქავს...
⧪⧪⧪
მე ვწერ იმ ადამიანებზე, რომელთაც ჩემს სულში ჩაიარეს...
და ვისაც რა შეეძლო ის დამოტოვა...
ზოგმა სევდა,
ზოგმა სიხარული,
ზოგმა გულგრილად ჩამიარა...
ზოგმაც სიყვარული შემომაშველა...
/გ.ჩოხელი/
ნაწყვეტი ფილმიდან "არასერიოზული კაცი"
Комментариев нет:
Отправить комментарий