ლიტერატურა ლათინური სიტყვაა და „წერას“ ნიშნავს.
ლიტერატურას უწოდებენ სხვადასხვა ტიპის ნაწარმოებს: სამეცნიეროს, მხატვრულს, პუბლიცისტურს. ლიტერატურა შეიძლება იყოს ნაბეჭდი და ხელნაწერი სახით. დღეს ლიტერატურა არსებობს ელექტრონული სახითაც.
ყველაზე ხშირად ლიტერატურაში გულისხმობენ მხატვრულ ლიტერატურას. ანუ ლიტერატურას, როგორც ხელოვნების დარგს.
ძველად ლიტერატურას მხოლოდ ზეპირი ფორმა ჰქონდა, მერე დაიწყეს ნაწარმოებების ჩაწერა. ადრე ხელით წერდნენ წიგნებს, ასე შეიქმნა უამრავი ხელნაწერი, დღეს წიგნებს ბეჭდავენ, ამას ბეჭდური გამოცემები ჰქვია, მის გვერდით უკვე არსებობს წიგნების ელექტრონული ვერსიები.
მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახულია ადამიანების ცხოვრება, ემოციები, განცდა, ურთიერთობები.
მხატვრული ნაწარმოებები შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის: სათავგადასავლო, ფანტასტიკური, ისტორიული, დეტექტიური, ფსიქოლოგიური...
მხატვრული ნაწარმოებები შეიძლება გაერთიანდეს: მსოფლიო ლიტერატურის, საბავშვო ლიტერატურის, საზღვარგარეთის ლიტერატურის სერიაში.
მხატვრული ლიტერატურის გარდა, არსებობს სამეცნიერო ლიტერატურა, სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა, საცნობარო ლიტერატურა, სასწავლო ლიტერატურა, პუბლიცისტური ლიტერატურა და ა.შ.
სამეცნიერო ლიტერატურის მკითხველები არიან ამა თუ იმ დარგის მეცნიერები.
სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა არის ისეთი ლიტერატურა, რომელშიც სამეცნიერო თემებზე საუბარია არამეცნიერული წრისთვის გასაგებ ენაზე.
საცნობარო ლიტერატურას ეკუთვნის ენის დიდი ლექსიკონები, ენციკლოპედიები და ა.შ.
სასწავლოა ის ლიტერატურა, რომელიც სწავლის პროცესის დროს არის საჭირო, სასწავლო წიგნები, სახელმძღვანელოები, სასწავლო ლექსიკონები...
პუბლიცისტურია ის ლიტერატურა, რომლებიც მკითხველთა დიდი ნაწილისთვის ქვეყნდება ჟურნალ–გაზეთებში.
მკითხველი ჰყავს ლიტერატურის ყველა სახეს.
მხატვრული ლიტერატურის ყველა ჟანრსაც თავისი მკითხველი ჰყავს: ზოგს ფანტასტიკური ლიტერატურა მოსწონს, ზოგს _დეტექტივები, ზოგს _ისტორიული ჟანრი და ა.შ.
დღეს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში არის ყველა სახის ლიტერატურა, ეს ბიბლიოთეკა მუდმივად ივსება, ემატება ტექსტები და მკითხველს შეუძლია ყოველთვის ისარგებლოს ბიბლიოთეკის მომსახურებით.
როდის უნდა გამოვიყენოთ ორმაგი უარყოფა?
რაიმეს უარსაყოფად წინადადებაში, როგორც წესი, ვიყენებთ ხოლმე უარყოფით ნაწილაკებს და მათგან მიღებულ უარყოფით ნაცვალსახელებს და ზმნიზედებს. უარყოფა შეიძლება იყოს ცალმაგი და ორმაგი.
თუ წინადადებაში წარმოდგენილია მხოლოდ უარყოფითი ნაწილაკები ან ნაცვალსახელები და ზმნიზედები(არავინ, ვერავინ, ნურავინ, არ, ნუ, ვერსად…), უარყოფა ცალმაგია:
თუ წინადადებაში წარმოდგენილია მხოლოდ უარყოფითი ნაწილაკები ან ნაცვალსახელები და ზმნიზედები(არავინ, ვერავინ, ნურავინ, არ, ნუ, ვერსად…), უარყოფა ცალმაგია:
არავის დაგვინახავს
ნურავინ იყვირებს
არ გამოხვიდე და ა.შ.
თუ უარყოფის გასაძლიერებლად გამოყენებულია უარყოფითი ნაწილაკები: არ, ვერ, ნუ (არავინ არ, ვერავინ ვერ, ნურაფერი ნუ…) ასეთ უარყოფას ორმაგი ჰქვია. ორმაგი უარყოფის ნიმუშებია:
არავინაც არ გამოჩენილა
ნურავინ ნუ იყვირებს
არასდროს არ გამოხვიდე და ა.შ.
უკუთქმით წინადადებაში უარყოფის გამოსახატავად ცალმაგი და ორმაგი უარყოფის ურთიერთმონაცვლეობა თავისუფალია და სტილისტიკის სფეროს განეკუთვნება.
ეს ნიშნავს, რომ მთქმელს საკუთარი განწყობის (ემოციის, დამოკიდებულების…) ხაზგასასმელად შეუძლია გამოიყენოს ერთმაგი უარყოფა, თუმცა ასევე დასაშვებია ორმაგი უარყოფაც:
არასდროს აღარ დავბრუნდები იქ // არასდროს დავბრუნდები იქ
არსებობს რამდენიმე ისეთი შემთხვევა, როცა ორმაგი უარყოფის გამოყენება სავალდებულოა:
ორმაგი უარყოფა აუცილებელია მაშინ, როცა:
უარყოფითი ნაცვალსახელი თუ ზმნიზედა დაირთავს ნაწილაკს -ც(ა)
ვერსადაც ვერ წახვალ
ვერსადაც ვერ წახვალ
არაფერსაც არ გეტყვი
არსადაც არ გიშვებ
როცა უარყოფითი ნაცვალსახელი თუ ზმნიზედა გათიშულია უარყოფითი ნაწილაკისგან
ვერავინ თურმე ვერ გაგიშვებს
ვერავინ თურმე ვერ გაგიშვებს
არსად ისე არ მექცევიან
როცა უარყოფითნაწილაკიანი სიტყვა მსაზღვრელ წევრს წარმოადგენს
არავითარი წესი არ ჰქონდა შემუშავებული
არავითარი წესი არ ჰქონდა შემუშავებული
ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა
თუ ძირითადი წევრის უარყოფითობას გამოხატავს არც, ვერც, ნურც ნაწილაკები:
არც მას არ აღმოაჩნდა
არც მას არ აღმოაჩნდა
ვერც ერთი ვერ გაიხსენა
არც ერთი დღე არ ახსოვდა
არასწორია
არც მას აღმოაჩნდა
არანაირი გავლენა მოახდინა
არსად ისე მღერიან
არსადაც წახვალ
არაფერს განსაკუთრებულს ვამბობ
არც მას აღმოაჩნდა
არანაირი გავლენა მოახდინა
არსად ისე მღერიან
არსადაც წახვალ
არაფერს განსაკუთრებულს ვამბობ
სწორია
არც მას არ აღმოაჩნდა
არანაირი გავლენა არ მოახდინა
არსად ისე არ მღერიან
არსადაც არ წახვალ
არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ.
⧪⧪⧪⧪⧪
პუნქტუაციის წესები
პუნქტუაცია (მომდინარეობს ლათ. punctum “წერტილი” სიტყვისაგან) არის სასვენი ნიშნების დადგენილი სისტემადა ამ ნიშნების გამოყენების წესები. სასვენი ნიშნების წარმოშობა-ჩამოყალიბება უკავშირდება მწიგნობრობისგანვითარების ისტორიას.
პუნქტუაცია გულისხმობს ისეთი პირობითი ნიშნების არსებობას, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი ხდებაფრაზის ბუნებრივი ინტონაციურ-მოდალური დანაწევრების გამოხატვა, წარმოთქმული ფრაზის შესაფერისიწერილობითი გადმოცემა.
თანამედროვე პუნქტუაცია არსებითად უნივერსალური (საერთაშორისო) სისტემაა როგორც ძირითად სასვენნიშანთა, ისე მათი გამოყენების ნორმების თვალსაზრისით. ეს იმას ნიშნავს, რომ სასვენ ნიშნებს არსებითადერთგვაროვნად იყენებს მსოფლიოს ყველა ძირითადი ქვეყნის მწიგნობრობა (მცირეოდენ თავისებურებათაგათვალისწინებით).
სასვენი ნიშნები და მათი ძირითადი დანიშნულება:
1. წერტილი
წერტილი ( . ) იწერება:
ა) თხრობითი წინადადების ბოლოს, თუ ეს წინადადება სინტაქსურადაც და აზრობრივადაც (ინტონაციურადაც)დასრულებულია, ანუ დამოუკიდებელია მომდევნო წინადადებისაგან:
მზე ჩადის. ფრინველები იბუდებენ. ვერძები რქებგადაყრილი უსაქმოდ დადიან.
ბ) სიტყვის შემოკლების აღსანიშნავად:
სოფ. (სოფელი), მდ. (მდინარე), ე.წ. (ეგრეთ წოდებული).
გ) ტექსტის პუნქტებად დაყოფის დროს, მონაკვეთების დანომრვის
მიზნით (1., 2., ა., ბ. და მისთ.)
შენიშვნა: ქართულში წერიტილი არ დაისმის სათაურის შემდეგ.
2. მძიმე
მძიმე ( , ) დაისმის:
ა) რთული თანწყობილი ან რთული ქვეწყობილი წინადადებების შემადგენელ წინადადებებს შორის:
გრილი ნიავი უბერავდა, ხეები სასიამოვნოდ შრიალებდნენ.
მეორე ფაეტონი, რომლითაც მარო და ალექსანდრე მოვიდნენ, ჯერ ისევ ცარიელი იდგა.
ბ) შერწყმული წინადადების ერთგვაროვან წევრებს (ან ასეთი წინადადების ნაწილებს) შორის:
დაჰკრეს დაფს, დოლს, დაირას, დუდუკს, ზურნას.
მაშინ ჩემი მეგობარო მოვარდა, მხარზე ხელი გადამხვია.
გ) მძიმეებით გამოიყოფა განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები (ჩართული, დანართი, მიმართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები):
მეორე დღეს, დილით ადრე, გამოსულიყო ზაალ აივანზე...
ეჰ, ძმავ, წადი შენ შენს გზაზე სიმღერით.
ჰო, შვილო, ეგეც მოხდება ხოლმე...
დ) სხვათა სიტყვისაგან ავტორისეული სიტყვების გამოსაყოფად:
– ახლავე წადი და უთხარი, – უბრძანა ბიძამ ვაჩეს, – ჩემს
მოსვლამდე არ გამოჩნდეთ-თქო.
ე) ავტორებისა და წიგნების დასახელებისას:
ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკა, თბილისი, 1930წ.
3. წერტილ-მძიმე
წერტილ-მძიმე ( ; ):
ა) ეს ნიშანი ორ წინადადებას ყოფს იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი სინტაქსურად დამოუკიდებელია, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო აზრობრივი კავშირი აქვთ. მაგ.:
საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი არ მოხვედროდა, მოხვდა; საცა ვაზი არ იყო, ვაზით გაივსო;
საცა წისქვილი არ იყო, გაკეთდა...
ბ) წერტილ-მძიმე დაისმის აგრეთვე რაიმე აზრობრივი პუნქტების ჩამოთვლის დროს:
ორი წინადადებიდან უნდა აირჩიოთ ის, რომელიც
ა) უფრო გამართულია;
ბ) უფრო ზუსტად გამოხატავს აზრს;
გ) უფრო მარტივია აგებულებით;
დ) უფრო ნათელია შინაარსით.
4. კითხვის ნიშანი
კითხვის ნიშანი ( ? ) დაისმის კითხვითი წინადადების (ფრაზის) ბოლოს:
კაცმა რომ მოინდომოს, კლდეს გაარღვევსო, ხომ გაგიგონია?
5. ძახილის ნიშანი
ძახილის ნიშანი( ! ) დაისმის:
ა) ძახილის წინადადების ბოლოს:
– აბა, უყურე წუთისოფლის მუხანათობას!
ბ) მიმართვის ფორმების გამოყენების დროს:
დავით! ნახე! ჩემო ბატონო! საღამო მშვიდობისა!
6. კითხვა-ძახილის ნიშანი
კითხვა-ძახილის ნიშანი ( ?! ) დაისმის კითხვა-ძახილის წინადადების მომდევნოდ:
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!
7. მრავალწერტილი
მრავალწერტილი ( ... ) იწერება:
ა) დაუმთავრებელი აზრის, გაწყვეტილი წინადადების შემდეგ:
მზითევს რას დავეძებო, ასე ამბობს თურმე... მე ქალი მინდაო, თვარა...
ბ) დაუსრულებელი ჩამონათვალის ბოლოს (“და სხვ.”-ს მაგიერ):
გაჩნდა ახალი ტერმინები: რეიტინგი, იმიჯი, მესიჯი, ბაიტი, ფაილი...
გ) თუ ციტატას სრულად არ ვიმოწმებთ (ვამოკლებთ):
“...ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური – თავადსა, ორივენი – გლეხსა... ნუთუ ესენი... ქართველი ჰგონია ვისმე!”
8. ორწერტილი
ორწერტილი ( : ) დაისმის:
ა) სხვათა სიტყვის გადმოცემის დროს – ავტორისეული სიტყვების შემდეგ (აგრეთვე – ციტატის მოყვანისას):
ბაში-აჩუკმა გაიცინა და უპასუხა:
– ჩემი სათქმელიც ეგ არის!
რუსთაველმა გვიანდერძა: “სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი”.
ბ)განმაზოგადებელი სიტყვის ან ფრაზის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს წევრების ჩამონათვალი:
ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და მინდორი.
შენიშვნა: განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ უმჯობესია ტირე დაიწეროს, თუკი წინადადება ჩამონათვალით არ მთავრდება. მაგ.: აყვავდა ათასი ყვავილი – ია, კესანე, პირიმზე, ცისთვალა – და გარემოს სურნელი მოეფინა.
გ) ორწერტილი იწერება ისეთი წინადადების შემდეგაც, რომლის შინაარსსაც თითქოს გაშლის, დეტალურად წარმოადგენს მომდევნო წინადადება (წინადადებები):
შენ ვაზებში გიპოვე: მხარი დაგებჯინა ბარის ტარზე, ბარის ტარს დაჰყუდებოდი და გაშტერებული დასცქეროდი დედამიწას...
9. დეფისი
დეფისი ( - ) არის მოკლე – ერთი მარტივი ასოს სიგანის – ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც გამოიყენება:
ნაირფუძიანი ან გაორკეცებული რთული სიტყვების დაწერილობისას:
ნაპირ-ნაპირ, ორ-ორი, მთა-ბარი, მისვლა-მოსვლა, ქართლ-კახეთ-იმერეთი...
ბ) ზოგი ისეთი უცხოური გეოგრაფიული სახელის გადმოცემისას, რომელიც იმ ენაზე ცალ-ცალკე იწერება:
ნიუ-იორკი, სან-მარინო, სენტ-კიტსი, სან-ფრანცისკო...
გ) სხვათა სიტყვის -მეთქი და -თქო ნაწილაკების დართვისას:
ხომ გითხარი, არ გამოვა-მეთქი!
დ) თავსართ-ბოლოსართების დართვისას რიცხვით სახელებზე:
მე-2 რიგი, გიორგი I-მა, №120-ში...
ე) სიტყვის გადატანისას: ბირთვი...
10. ტირე
ტირე ( – ) არის ორი დეფისისხელა ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც, ამავე დროს, დეფისისაგან განსხვავებით, თითო ინტერვალით კიდევ უნდა დასცილდეს წინა და მომდევნო სიტყვებს. ტირე გამოიყენება:
ა) რთული შედგენილობის წინადადების მეორე (ან მესამე, მეოთხე და ა. შ.) ნაწილში ამ წინადადების პირველ ნაწილში წარმოდგენილი რომელიმე წევრის გამოტოვებისას:
ღიმილი ჯადოსნური ჰქონდა, სიტყვა-პასუხი – ტკბილი...
ბ) სხვათა სიტყვისაგან ავტორის სიტყვების გამოსაყოფად და დიალოგური მეტყველების დასაყოფად:
– სიყვარული ძნელია! – უპასუხა მეორემ, – გაიგებდი, ერთმანეთი ჰყვარებიათ.
– ურმები გაისტუმრე?
– გავისტუმრე, შენი ჭირიმე!..
– სად გაისტუმრე?
– ყანაში, შენი ჭირიმე!
– რამდენია?
– ოთხი საბატონო და ათი ბეგრისა.
გ) განმაზოგადებელი სიტყვის წინ, როცა მას წინ უსწრებს ერთგვაროვანი წევრების ჩამონათვალი:
სახლსაც, მამულსაც, სახნავ-სათეს იარაღსაც, საქონელსაც
– სუყველას აირჩევს.
დ) ტირე შეიძლება დაიწეროს განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების გამოსაყოფადაც (მძიმეების ფარდად):
ამას წინათ – სულ ორი კვირა არ იქნება – კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ დაამწყვდია!
11. ფრჩხილები
ფრჩხილები – ( ) – გამოიყენება:
ა) როცა გამოსაყოფია წინადადებაში ჩართული სიტყვა ან გამოთქმა ნათქვამის დასაზუსტებლად თუ განსამარტავად:
...იქნებ იმაზე მაინც გადაეყოლებინა ჯავრი, მით უმეტეს, რომ ეს ხელობა (მასწავლებლობა) ძლიერ უყვარდა.
ბ) ცალმხრივი ფრჩხილი გამოიყენება ჩამონათვალის დანომრვის დროს: ა), ბ), 1), 3)...
შენიშვნა: კვადრატულ ფრჩხილში – [ ] – ჩაისმის აღდგენილი (ან ჩამატებული) ადგილი ტექსტში:
[ბერიძემ] უნდა მისცეს ხალხს წესი და რიგი...
12. ბრჭყალები
ბრჭყალებში ( “ “ ) ჩაისმის:
ა) პირდაპირი ნათქვამი ან ციტატა:
ილია მადლიერებით იხსენებს პეტერბურგში განსწავლის წლებს: “ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი...”
ბ) ირონიულად (არაპირდაპირი მნიშვნელობით) გამოყენებული სიტყვა თუ გამოთქმა:
მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა, რომ რამე ხერხი მოეგონა, “ძმურად” არ გაჰყოფოდა მისი “სიმდიდრე”.
გ) რაიმე საზოგადოებისა, ორგანიზაციისა თუ დაწესებულების დასახელება; წიგნის, ნაწარმოებისა თუ გამოცემის სახელწოდება:
სასტუმრო “თბილისი” მალე გაივსო სტუმრებით;
“მოქალაქეთა კავშირი” გაზეთ “24 საათში” გამოაჭენეს. თეატრმა წარმოადგინა “ოტელოს “ განახლებული დადგმა.
დ) ბარბარიზმები და სხვა არანორმატიული გამონათქვამები:
“იამშჩიკმა” თვალები აახილა და მე ბღვერა დამიწყო.
⧪⧪⧪⧪⧪
ქართული ენა:მხატვრული ხერხები…
1. მეტაფორა – სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით გამოყენება
მხატვრული გამოსახვის სტილისტიკური ხერხი. პოეტურად შესაძლებელს, დასაშვებს, ასოციაციებითა თუ კონტრასტით, ანალოგიებით წარმოსადგენს ემყარება ან აგებულია სიტყვათა გადატანით მნიშვნელობაზე.
“შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი” (გალაკტიონი) მეტაფორაში საგნებსა და მოვლენებს მიწერილი აქვთ ისეთი თვისება, რომელიც მათ არ ახასიათებთ, მაგრამ პოეტურად დასაშვებია. ხანდახან მისი გამოცნობა ძნელია. არისტოტელე ამბობდა: “თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, იგი გამოცანაა”.
გამოარჩევენ ოთხი ტიპის მეტაფორას:
- როდესაც უსულო საგანის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (ოქროს გული, რკინის კაცი).
- სულიერი საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე (“ჩაფიქრებულა მთაწმინდა” ან “ვინ იცის მტკვარო რას ბუტბუტებ”).
- უსულო საგნის თვისება გადატანილია უსულო საგანზე (ვერცხლის ნაკადული, რკინის ნიაღვარი).
- სულიერი საგნის თვისება გადატანილია სულიერ საგანზე (შენ ხმელო კაცო, წარბშეკრულო ხშირად და მკაცრო, / აქიმო წყლულის და ქადაგო გაზაფხულისა
2. გაპიროვნება- უსულოს გასულიერება.
მხატვრული გამოსახვის ხერხი, რომლისთვისაც დამახასიათებელია საგნებისა და მოვლენებისადმი ადამიანური თვისებების მიწერა, უსულო და სულიერი საგნების გაადამიანება. უსულო საგანი წარმოდგენილია, როგორც ადამიანი, რომელიც გრძნობს, მსჯელობს, მოქმედებს. განსხვავდება მეტაფორისაგან იმით, რომ მეტაფორაში ყველა თვისების გადატანა შეიძლება ერთი საგნიდან მეორეზე, გაპიროვნებაში კი გადატანილია მხოლოდ ადამიანური თვისებები.
3. ალეგორია – გადაკრულად ნათქვამი.
გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (ანდაზა,გამოცანა, იგავ-არაკი და სხვ.). მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.
4. ჰიპერბოლა-გაზვიადება.
ტროპის ისეთი სახე, რომელსაც საგანსა თუ მოვლენას გაზვიადებულად წარმოადგენს. ეს სიტყვა ბერძნულიწარმოშობისაა და გადაჭარბებას, გაზვიადებას ნიშნავს.
5. ეპითეტი — მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, დახასიათება. უხშირესად ზედსართავი სახელით.
მხატვრული განსაზღვრა, პოეტური განმარტება, დახასიათება, რომელიც მიგვიგებს კითხვაზე “როგორი?”. უხშირესად ზედსართავი სახელით. მაგალითად: ანკარა წყალი და ა.შ. განსაზღვრებისგან გამოირჩევა. განსაზღვრება ხაზს უსვამს საგნისა თუ მოვლენის ძირითად დამახასიათებელ ნიშანს.
6. შედარება -ერთი საგნის ან მოვლენის სხვა საგანთან ან მოვლენასთან შედარება,რიტორიკული მიმართვა რიტორიკული შეძახილი.
სტილისტიკასა და ლიტერატურაში — ტროპის ერთ-ერთი სახე. შედარების დროს ორი სხვადასხვა საგანი ან მოვლენა შეფასებულია ერთმანეთთან არა სრული მსგავსების, არამედ ერთ-ერთი რომელიმე მსგავსების საფუძველზე, მოვლენების მხატვრული გამოსახვის მიზნით:
“მაღლით ბრძლის ველს, როგორც ხელის გულს,
ისე დაჰყურებს მთავარსარდალი”.
ისე დაჰყურებს მთავარსარდალი”.
შედარებისთვის აუცილებელია ორი ან მეტი მოვლენა – რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ. მაგალითად, წინადადებაში “თმა თოვლივით გაუთეთრდა” შედარების ორი წევრია: თმა და თოვლი.
შედარების წევრები შედარებას ქმნიან გრამატიკული კავშირებით: ვითარცა, როგორც, თითქოს, მსგავსად; ან ნაწილაკებით: -ვით, -ებრ და სხვ.
⧪⧪⧪⧪⧪⧪
⧪⧪⧪⧪⧪⧪
კომპოზიცია
ნაწარმოების აგებულება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება და ურთიერთშეფარდება.
„კომპოზიცია” ლათინურად ნიშნავს აწყობას, აშენებას, შედგენას.
ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები მოითხოვს გარკვეული გეგმით აგებას. სხვაგვარად შეუძლებელია ნაწარმოებმა ემოციური ზეგავლენა მოახდინოს მკითხველზე. საკუთარი სათქმელის ნათლად გამოხატვის მიზნით მწერალი საკუთარ ნაწარმოებს ჰყოფს ცალკეულ ნაწილებად, ალაგებს მათ გარკვეული თანმიმდევრობით, გარკვეული გეგმის მიხედვით და აკავშირებს მათ ერთმანეთთან გარკვეული მიზნით.
ლიტერატურის შესწავლის თვალსაზრისით, კომპოზიცია ლიტერატურული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების დალაგება–დაკავშირებაა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. მაგრამ მარტო ამ შინაარსით არ იზღუდება კომპოზიციის მნიშვნელობა. ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზი ითვალისწინებს მხატვრულ ნაწარმოებში მოთხრობილი მოვლენების მიზეზ–შედეგობრივად დაკავშირებას, მოქმედების განვითარების ცალკეული ეპიზოდების დაჯგუფებას ან გადაჯგუფებას ავტორისმთავარი იდეის შესაბამისად. მოქმედი გმირების დახასიათებას, სიტყვიერი მასალის აგებულების განხილვას და სხვ.
„კომპოზიცია” ლათინურად ნიშნავს აწყობას, აშენებას, შედგენას.
ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები მოითხოვს გარკვეული გეგმით აგებას. სხვაგვარად შეუძლებელია ნაწარმოებმა ემოციური ზეგავლენა მოახდინოს მკითხველზე. საკუთარი სათქმელის ნათლად გამოხატვის მიზნით მწერალი საკუთარ ნაწარმოებს ჰყოფს ცალკეულ ნაწილებად, ალაგებს მათ გარკვეული თანმიმდევრობით, გარკვეული გეგმის მიხედვით და აკავშირებს მათ ერთმანეთთან გარკვეული მიზნით.
ლიტერატურის შესწავლის თვალსაზრისით, კომპოზიცია ლიტერატურული ნაწარმოების ცალკეული ნაწილების დალაგება–დაკავშირებაა მთლიანი მხატვრული ნაწარმოების მისაღებად. მაგრამ მარტო ამ შინაარსით არ იზღუდება კომპოზიციის მნიშვნელობა. ლიტერატურული ნაწარმოების კომპოზიციური ანალიზი ითვალისწინებს მხატვრულ ნაწარმოებში მოთხრობილი მოვლენების მიზეზ–შედეგობრივად დაკავშირებას, მოქმედების განვითარების ცალკეული ეპიზოდების დაჯგუფებას ან გადაჯგუფებას ავტორისმთავარი იდეის შესაბამისად. მოქმედი გმირების დახასიათებას, სიტყვიერი მასალის აგებულების განხილვას და სხვ.
ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზისა და შეფასებებისათვის საჭირო შეკითხვების სისტემის ერთ-ერთი ვარიანტი:
სიუჟეტი:
1. ვინ არის ნაწარმოების გმირი (გმირები)? როგორ არის ნაწარმოებში მოცემული კონფლიქტების არსი? როგორია ეს კონფლიქტები? - მატერიალური, ინტელექტუალური, მორალური, თუ ემოციური? ადვილად იმიჯნება თუ არა თხზულებაში ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება?
2. აქვს თუ არა ნაწარმოებს მთლიანი სიუჟეტი? სიუჟეტის განვითარებისათვის ყველა ეპიზოდი მნიშვნელოვანია თუ არა; იქნებ ზოგიერთი მათგანი არ უკავშირდება მთავარ ხაზს? როგორი დასასრული აქვს ნაწარმოებს? - კეთილი ცუდი თუ გაურკვეველი? როგორ დასრულდა აღწერილი მოვლენები?
3. რა მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევითობას სიუჟეტში? შემთხვევა ართულებს თუ ჭრის პრობლემას? რამდენად რეალურია აღწერილი მოვლენა?
4. როგორ ხერხდება სიუჟეტისადმი ინტერესის გაღვიძება? ინტრიგით (რა მოხდება შემდეგ?), თუ მწერალი სხვა რამით ახერხებს მკითხველის დაინტერესებას? არის თუ არა სიუჟეტში მოცემული დილემა? დაფარული აზრი?
5. გვაქვს თუ არა სიუჟეტში მოულოდნელი გადახვევები და რამდენად ბუნებრივადაა ისინი ჩართული სიუჟეტში?
მოქმედი პირები:
1. რა საშუალებით გვიხსნის ავტორი გმირების ხასიათს? მკაფიოდ იხატება თუ არა თხზულებაში მოქმედ პირთა ხასიათი? როგორ იყენებს ავტორი დაპირისპირებას მოქმედი პირების დასახასიათებლად?
2. არიან თუ არა პერსონაჟები თანმიმდევრულნი თავიანთ ქმედებაში? შეესაბამება თუ არა მათი მოქმედება სინამდვილეს?
3. ვითარდება თუ არა მოქმედ პირთა ხასიათი თხრობის პროცესში? თუ ვითარდება, როგორ? შესამჩნევია თუ არა ცვლილებები? რამდენად შეესაბამება ეს ცვლილებები სინამდვილეს?
ნაწარმოების იდეა:
1. აქვს თუ არა ნაწარმოებს იდეა? პირდაპირ არის იგი მოცემული, თუ შეფარვით?
2. ემთხვევა თუ არა ნაწარმოებში გატარებული აზრი საზოგადოებაში მიღებულ შეხედულებებს? ნაწარმოების იდეა ნოვატორულია, თუ აღრმავებს ტრადიციულ შეხედულებებს ცხოვრებაზე?
ავტორის პოზიცია:
1. როგორია ავტორის პოზიცია ნაწარმოებში აღწერილი ამბის მიმართ? იცვლება თუ არა ავტორის პოზიცია თხრობის პროცესში და თუ იცვლება, რის საფუძველზე?
2. რა ხერხებით, რა მხატვრული საშუალებებითაა გადმოცემული ნაწარმოებში ავტორის პოზიცია?
3. ემთხვევა თუ არა ერთმანეთს ავტორისა და რომელიმე პერსონაჟის შეხედულება?
მხატვრული ხერხები - შედარება, მეტაფორა, სიმბოლო, ირონია და ა.შ.
1. იყენებს თუ არა ავტორი მხატვრულ ხერხებს, ტროპებს და თუ იყენებს, გვეხმარება თუ არა ეს თხზულების უკეთ გაგებაში, თუ ორაზროვნებას სძენს ნაწარმოებს?
2. აღწეილია თუ არა ნაწარმოებში იუმორისტული, ტრაგი-კომიკური სიტუაციები? იყენებს თუ არა ავტორი სიტყვათა თამაშს? რა ფუნქცია აკისრია იუმორს?
თხრობის ემოციური მხარე
1. ავტორი უშუალოდ ზემოქმედებს მკითხველის ემოციებზე, თუ ნაწარმოებში მოთხრობილი ამბავი იწვევს მკითხველში ემოციურ განწყობას?
2. არის თუ არა ნაწარმოებში მოცემული თვით ავტორის განცდები, ემოციები და თუ არის, რა საშუალებებით გადმოიცემა ეს? როგორია ავტორის დამოკიდებულება თხზულებაში აღწერილი ამბების მიმართ, რამდენად არგუმენტირებულია მისი ემოციები მოცემულ სიუჟეტში? ზედმეტად სენტიმენტალური ხომ არ არის?
ფანტასტიკური ელემენტები ნაწარმოებში:
1. იყენებს თუ არა ავტორი ფანტასტიკურ ელემენტებს? თუ იყენებს, როგორ?
2. რა აზრობრივი დატვირთვა აქვს ნაწარმოებში ჩართულ ფანტასტიკურ დეტალებს?
ზოგადი შეკითხვები:
1. რა არის ყველაზე მნიშვნეოვანი ნაწარმოებში? სიუჟეტი, მოქმედ პირთა ხასიათი, იდეური შინაარსი, თუ სხვა რამ?
2. რა როლს თამაშობს გარემო, რომელშიც ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები ვითარდება?
3. როგორ შეიძლება დავახასიათოთ ავტორის სტილი? შეესაბამება თუ არა სტილი ნაწარმოებში აღწერილ მოვლენებს?
4. როგორ იხსნება ნაწარმოებში სათაურის აზრი?
5. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ნაწარმოებში ყველა და ყველაფერი ხელს უწყობს მთავარი აზრის გადმოცემას? არის თუ არა ისეთი დეტალები და ეპიზოდები, რომლებიც შეიძლება ზედმეტად მოგვეჩვენოს და ნაწარმოების აღქმაში შეგვიშალოს ხელი?
6. როგორ გგონიათ, რა მიზანს ისახავს ავტორი? მიაღწია თუ არა მან მიზანს?
7. გვთავაზობს თუ არა ავტორი თხზულებაში მოცემული კონფლიქტის გამოსავალს, თუ მხოლოდ მოვლენებს აღწერს?
8. როგორ გგონიათ, შეგეცვლებათ თუ არა შეხედულება ნაწარმოებზე მისი ხელმეორედ წაკითხვისას? (უფრო მეტად მოგეწონებათ, თუ ნაკლებად).
სავალდებულო საპროგრამო ტექსტების კითხვა სავალდებულო საპროგრამო მიზნებს ემსახურება. ლიტერატურის კურსი სწავლების დაწყებითი საფეხურიდან საშუალო საფეხურის ჩათვლით ისეა გაწერილი, რომ მოსწავლემ გამოიმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი; ამ მიზნის მისაღწევად მხატვრული ტექსტის ანალიზი ერთ-ერთ საშუალებად მოიაზრება. დღეს სწორედ ამ პარადიგმაზე ვისაუბრებთ დაწვრილებით. რას მოიაზრებს ანალიზი? რა ელემენტებისგან შედგება ის? რა ტერმინოლოგიას ვიყენებთ მხატვრული ტექსტის ანალიზისას და როგორ ვამუშავებთ პროზაულ ტექსტს შესაბამისი მითითებების მიხედვით?
ანალიზის ელემენტები
პროზაული ტექსტის ანალიზი
ანალიზის ზოგადი ჩარჩოს მიხედვით პროზაული ტექსტის მხატვრულ ანალიზში სასურველია წარმოჩენილი/დამუშავებული/მიმოხილული იყოს შემდეგი საკითხები:
კონცეპტუალური ჩარჩო
პროზაული ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ნაწარმოების თემა და იდეა.
მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულს:
თემა
თემა, იგივე დედააზრი, ლიტერატურულ ნაწარმოების ობიექტური საფუძველია. სხვა სიტყვებით, ეს ისაა, რაც განსაზღვრავს ნაწარმოების შინაარსაა და ფორმასაც კი. სწორედ თემა აკავშირებს მხატვრული ტექსტის სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან, რათა ერთ შინაარსობრივ მთლიანობად აქციოს ის. თემა შეიძლება იყოს მარადიული, ნებისმიერი ეპოქისა და მოცემულობისთვის მნიშვნელოვანი(მეგობრობის თემა, სიყვარულის თემა, სამშობლოს სიყვარულის თემა…) ან გარკვეული ( კონკრეტული) ვითარებით განპირობებული ( მამათა და შვილთა ბრძოლა, ბატონყმობის თემა…).
ერთი და იგივე თემა სხვადასხვა ავტორმა შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარად გადაწყვიტოს, ეს დამოკიდებულია მწერლის მსოფლხედველობაზე, ოსტატობაზე, გამოცდილებაზე, მოღვაწეობის ეპოქაზე…მაგალითად, ცნობილია, რომ ფაუსტის თემა გოეთემდე რამდენიმე მწერალმა დაამუშავა, თუმცა მისი „შესრულება“ ყველაზე უკეთ სწორედ მან შესძლო; მეცხრამეტე საუკუნეში აქტუალური იყო ბატონყმური ურთიერთობის თემა, ამ საუკუნეში მოღვაწე მწერლების შემოქმედებაში ეს თემა საკმაოდ მრავალხრივ და მრავალფეროვნადაა დამუშავებული.
ტექსტის კვლევისას ამ მიმართებით უნდა დაისვას კითხვები – ემთხევა თუ არა თემა ტექსტის შექმნის თანამედროვე ეპოქას? დაკავშირებულია თუ არა თემასთან სათაური? შევისწავლეთ თუ არა სხვა ნაწარმოები, სადაც იგივე თემაა დამუშავებული? რა განსხვავებაა ამ ტექსტებს შორის? რამ განაპირობა მწერლის დაინტერესება თემით? არის თუ არა აქტუალური იგივე თემა დღეს?იყო თუ არა თემა აქტუალური ნაწარმოების შექმნის ეპოქაში?
იდეა
იდეა ერთგვარი პასუხია ავტორის მიერ ნაწარმოებში დასმულ კითხვებზე. იდეა ისაა, რის ირგვლივაც „ბრუნავს“ ტექსტის მხატვრულ ესთეტიკური სამყარო, პერსონაჟები. იდეა მეტწილად უკავშირდება ავტორის მიერ აღებული თემას, თუმცა ისეც ხდება, რომ მწერალს მისივე ასახულის მიმართ არ/ ან ჯერ არ აქვს/ ან შეფარვით აქვს ჩამოყალიბებული დასკვნები და გადაწყვეტილებები. მწერლის მიერ იდეის არგაცხადება არ ნიშნავს ნაწარმოების იდეის არარსებობას, რადგან საკითხის დასმის სტილი, მანერა შესაძლოა უკვე მეტყველებდეს მწერლის გარკვეულ დამოკიდებულებაზე. იდეა ტექსტის მთავარ სათქმელადაც მოიაზრება, რომელიც სხვადასხვა მხატვრული ხერხებით, საშუალებებითაა გადმოცემული. საკუთარ დამოკიდებულებებს ავტორი სწორედ მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გზით გადასცემს მკითხველს.
„გუსტავ ფლობერმა მკაფიოდ გამოხატა მისეული იდეალი მწერლისა. ის შენიშნავს, რომ ავტორი, ღმერთის დარად, საკუთარ წიგნში უნდა იყოს ყველგან და ამავდროულად – კონკრეტულად – არსად, ის უნდა იყოს უხილავი და ყველგანმყოფი ერთდროულად. არსებობს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც ავტორი თავს არ ამჟღავნებს, ზუსტად ისე, როგორც ფლობერს სურდა, თუმცა თავად მას არ გამოუვიდა ამ იდეალის წვდომა „მადამ ბოვარიში“. საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ავტორი, თითქოს, არსად ჩანს, ის მაინც „განფენილია“ ტექსტში, მისი „არარსებობა“ უკვეა გამოხატულება თვალსაჩინო არსობისა. როგორც ფრანგები ამბობენ, „თავისი არყოფნით ბრწყინავს“. ( ვლადიმირ ნაბოკოვი „ლექციები საზღვარგარეთის ლიტერატურაზე“)
იდეის გაცხადების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მწერლის ოსტატობას. საჭირო დროს, საჭირო მომენტში არ ან ვერგაკეთებული აქცენტი მხატვრულ ჩანაფიქრს, იდეას აფერმკრთალებს, თუ ავტორი მთლიანად „იდეითაა“ შეპყრობილი და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მხატვრულობას, ვიღებთ პუბლიცისტიკას ან უარეს შემთხვევაში – იდეოლოგიურ ტექსტს.
ამ მიმართულებით კვლევისას მკითხველი პასუხობს კითხვებს:რისი თქმა სურდა ავტორს? როგორ, რა მხატვრული ხერხების მეშვეობით შესძლო ან სათქმელის გამოხატვა? სათქმელი პირდაპირაა გადმოცემული თუ შეფარვით? რა არის ტექსტის/ცალკეული ეპიზოდის მთავარი სათქმელი? ავლენს თუ არა საკუთარ დამოკიდებულებას ავტორი პერსონაჟებისადმი? მათი ქმედებებისადმი?
პროზაული მხატვრული ტექსტის სტრუქტურის ანალიზისას აუცილებელია სიუჟეტისა და კომპოზიციის მიმოხილვაც.
კომპოზიცია მოიცავს მხატვრული ნაწარმოების თემის, იდეის, ფაბულის, სიუჟეტის, ჩანართი ეპიზოდების, ყველა გამოყენებული მხატვრული საშუალების მიზანმიმართულ, მოტივირებულ, ურთიერთშეფარდებულ განლაგებას.
სიუჟეტი მოვლენათა და მოქმედებათა თანამიმდევრობაა. ამბის გადმოსაცემად ავტორი გარკვეულ სტრუქტურას მიმართავს, ამბებისა და მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა ქმნის სწორედ სიუჟეტს. სიუჟეტური ქარგა დამახასიათებელია ეპიკური და დრამატული ტექსტებისთვის. სიუჟეტის განვითარების ეტაპებია: ექსპოზიცია, კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია და კვანძის გახსნა.
ამ მიმართულებით მუშაობისას მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა ნაწარმოების კომპოზიციურ თავისებურებებზე, საკვანძო ეპიზოდების (სცენების) ურთიერთკავშირზე; მისი სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიციის, პროლოგის, ეპილოგის…) დანიშნულებაზე; სასურველია დაისვას კითხვები: გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული ჩანართები? შეგვიძლია თუ არა მათი საშუალებით ამოვიცნოთ მოვლენებისადმი ავტორისეულ დამოკიდებულებას?რა თანმიმდევრობით გადმოგვცემს ავტორი ამბავს?
შესაძლებელია სქემის, დიაგრამის, აზრობრივი რუკის, სხვა გრაფიკული საშუალებების გამოყენებაც.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий